აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო – მთიან ყარაბაღში 12 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

2 აპრილს მთიან ყარაბაღში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შედეგად 12 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დიღუპა. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ვაგიფ დარგახლიმ განაცხადა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში დაადასტურეს, რომ სომხურმა ძალებმა „მი-24“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მწყობრიდან გამოიყვანეს ტანკი. ასევე თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დაღუპულები და დაჭრილები აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობას შორისაც არიან.
ოფიციალური ბაქო იუწყება, რომ მოწინააღმდეგემ 15 ტანკი და საარტილერიო დანადგარი დაკარგა. ამ ინფორმაციის მიხედვით დაიჭრა და დაიღუპა 100 სომეხი სამხედრო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე კონტროლი აღადგინეს. ამასთანავე, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არცრუნ ოვანესიანმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს მთიან ყარაბაღში არცერთი დასახლებული პუნქტი არ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები