“ვიმედოვნებთ, უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით მგზავრობის ნებართვას მიიღებენ.
“მოხარული ვარ, რომ ბატონი დიმიტრის ავრამოპულოსი თავისი პირველი ვიზიტით ეწვია საქართველოს – მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებზე ევროკომისრის რანგში. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ავრამოპულოსს საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის. განსაკუთრებით მადლობელნი ვართ, რომ ევროკომისიამ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები უაღრესად პოზიტიურად შეაფასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო მგზავრობის შემოღების მიზნით, ცალკე საკანონმდებლო პროცესის ინიცირება მოახდინა”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ მასშტაბური სამუშაო გასწია.
“ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ მასშტაბური სამუშაო გასწია და ყოვლისმომცველი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები განახორციელა. ვიმედოვნებთ, უახლოეს თვეებში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით მგზავრობის ნებართვას მიიღებენ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო განიხილავს.
“ამ პროცესში ჩვენ კვლავ გვაქვს მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებზე ევროკომისრის, ბატონი ავრამოპულოსის მტკიცე მხარდაჭერა. ვისაუბრეთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, რათა სათანადოდ ვიყოთ მზად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოსაღებად. ასევე ევროკომისართან საუბარი გვქონდა იმ გამოწვევებზე უსაფრთხოების კუთხით, რომელიც რეგიონში არსებობს და ხაზი გავუსვით კიდევ ერთხელ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ მიმართულებით კოოპერაციის მნიშვნელობას. ვისაუბრეთ ასევე საქართველოს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი რეფორმების მნიშვნელობაზე, როგორც მთავრობის დღის წესრიგზე, ასევე ჩართულობის მნიშვნელობაზე, რათა საქართველომ ღირსეულად ჩაატაროს წლევანდელი არჩევნები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისთვის. საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში გატარებული რეფორმები საქართველოს მთავრობის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით გრძელდება, რაც უწყვეტი და მდგრადი პროცესია”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.