„რეფორმები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მიღებისთვის გატარდა, ეფექტურია საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის“
რეფორმები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მიღებისთვის გატარდა, ძალზე ეფექტურია საქართველოს პოლიტიკური სისტემისათვის, – ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ გაატარა უმაღლესი დონის რეფორმები, რაც სასარგებლოა საქართველოს მოსახლეობისთვის.
“ნება მომეცით მოგახსენოთ, რომ ძალზე მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვიმყოფები. ძალიან კარგი ევროპული და ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყანაში – საქართველოში, რომელიც ძალზე სერიოზულ როლს თამაშობს რეგიონში. ნება მომეცით მადლობა გამოვხატო ჩემი კოლეგისა და თანამოსაუბრე გიორგი კვირიკაშვილის მიმართ. ჩვენ მანამდე შევხვედრივართ ერთმანეთს, ვიდრე ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, დღესდღეობით იგი თქვენი ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და მადლობას ვუხდი მას ძალისხმევისთვის. მინდოდა პირადად გამომეხატა ჩემი მაღალი შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რეფორმების გასაოცარი სერიებისთვის, 2012 წლის ივნისიდან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე. გასული წლის დეკემბერში გამოცემული ანგარიშის შესაბამისად დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაო და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის საკითხში”, – განაცხადა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, პროცესი ნამდვილად რთული იყო, მაგრამ ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა და ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა.
“ჩვენი შეთავაზება იყო, რომ საქართველო გადაყვანილი იქნას იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც უფლება აქვთ შენგენის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ჩავიდნენ. ნება მომეცით ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლავთ იმ ჭრილში, რაც გახლავთ ადამიანებს შორის ურთიერთობის გამყარება, ასევე სტიმულირება ბიზნეს, სოციალური და კულტურული კავშირების დამყარებისთვის საქართველოსა და ევროკაშირში”, – აღნიშნა ევროკომისარმა.