დიმიტრის ავრამოპულოსის ვიზიტი დაიწყო – ევროკომისარი საგარეო უწყების ხელმძღვანელს ხვდება

საქართველში მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის ვიზიტი დაიწყო. ევროკომისარი ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ხვდება.
შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე მსჯელობენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჯანელიძემ განაცხადა, საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის.
“ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი ავრამოპულოსის ვიზიტი საქართველოში. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ დონეზე გადადის. ამ მიმართულებით ეს არის დადასტურება იმისა, იმ შრომისა, რომელიც საქართველომ გაწია, რათა თავისი საემიგრაციო პოლიტიკა მოეყვანა შესაბამისობაში ევროკავშირის შესაბამის პოლიტიკასთან.
ჩვენ განვახორციელეთ საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები. დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა, ვისაუბროთ ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვიზალიბერალიზაცია. ბატონმა ავრამოპულოსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ ეტაპზე ევროინტეგრაციის კუთხით”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ავრამოპულოსი საგარეო საქმეთა სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც პრემიერს შეხვდება. დღესვე ევროკომისარი შეხვედრას გამართავს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები