ეკა ბესელიამ „რესპუბლიკელების“ შენიშვნები დაიმსახურა
პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაპირისპირება დღეს უკვე მეორედ მოხდა. “რესპუბლიკელმა” დეპუტატმა თამარ კორძაიამ თანაფრაქციელ ნოდარ ებანოიძის დაცვა სცადა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტატს, ეკა ბესელიას დაუპირისპირდა. თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ეკა ბესელიას შეფასებას მიუღებელი, უადგილო და ორაზროვანი უწოდა.
თამარ კორძაიამ ეკა ბესელიას იმ მუხლის მიღების გადადება შესთავაზა, რაზეც ებანოიძემ სესიაზე შენიშვნები გამოთქვა და რასაც მასსა და ეკა ბესელიას შორის შელაპარაკება მოჰყვა.
“ნოდარ ებანოიძის კითხვასთან დაკავშირებით თქვენი პასუხი რომ პოლიტიკურ ქვეტესტებთან დაკავშირებული იყო, ნამდვილად მიუღებელი, უადგილო და ორაზროვანი იყო, რადგან არც ბატონ ნოდარს და არცერთ “რესპუბლიკელს” არა გვაქვს იმის პრობლემა, რომ პოზიციები ღიად გამოვხატოთ და ეს ყველამ იცის. ამიტომ გთხოვთ, მომავალში ეს გაითვალისწინოთ”, – მიმართა ბესელიას თამარ კორძაიამ.
ეკა ბესელიასა და ნოდარ ებანოიძეს შორის შელაპარაკება საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტთან, კერძოდ კი, პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ბავშვთა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფის შემადგენლობის ფორმირებას ითვალისწინებს.
“ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირიხართ – დღეს რაღაც მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით, ამ რეფორმას ახლა პირველად არ ისმენთ, კანონპროექტის არსს დაუბრუნდით და იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული – დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ”, – აღნიშნული განცხადებით ბესელიამ ებანოიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.