პრემიერი: ნორმალური გადაწყვეტილებაა, კოალიციის წევრმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღონ
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება” არჩევნებზე ბლოკის ფორმით გავიდა, სრულიად სხვა რეალობა და ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პროცესი იყო, ხოლო დღეს სხვაგვარი რეალობაა.
„დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი გაცილებით გამჭვირვალე და დემოკრატიულია, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ნორმალური გადაწყვეტილება, რომელშიც განსაკუთრებული არაფერი უნდა ვეძებოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და განმარტა, რომ „რესპუბლიკელი” მინისტრები მთავრობაში ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და ამ კუთხით, არჩევნებამდე, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს დიდწილად დამოკიდებულია, რამდენად წარმატებული იქნება პარტიათა ურთიერთობის ნორმალური რეჟიმის გაგრძელების მცდელობა.
„პოლიტიკური დღის წესრიგი დღეს არ გვკარნახობს იმას, რომ რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ მთავრობის შემადგენლობაში”,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.