ირაკლი აბესაძე: ქალაქის განაშენიანების კუთხით თბილისში ქაოსია

დღეს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ირაკლი აბესაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქალაქის განაშენიანებაზე და სამშენებლო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ვითარება სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით ქალაქში საკმაოდ კრიტიკულია. პრესკონფერენციაზე აბესაძემ ქალაქის ახალ გენერალურ გეგმაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, თუ რაში დაიხარჯა დოკუმენტის დასამუშვებლად საჭირო თანხები.
„მთავარი პარადოქსი ისაა, რომ ხელსუფლფებას, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვიდა, თითქოს უნდა მოეწესრიგებინა სამშენებლო სფეროში არსებული პრობლემები. დაიწყეს ქალაქის გენერალურ გეგმაზე მუშაობა, ამ დოკუმენტის დასამუშავებად იხარჯება დაახლოებით 3 მილიონი ლარი. გვითხრეს, რომ დოკუმენტი 2017 წლის გაზაფხულზე იქნებოდა მზად, მაგრამ მანამდე ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურ ქაოსს ქალაქში და თვითნებობას მერიის თანამდებობის პირების მხრიდან. ქალაქის მერი დავით ნარმანია მის პოლიტიკურ ლოზუნგს მხოლოდ იქ მიყვება, სადაც მაღალი პოლიტიკური აქტივობა და პროტესტია“,-განაცხადა აბესაძემ.
„კვირაში“ გამართულ კონფერენციაზე აბესაძემ მშენებლობის ის მაგალითები დაასახელა, სადაც ნებართვები, მისივე განმარტებით, არასწორად გაიცა.
„გუშინწინაც იყო განხილვა მარშალ გელოვანის ქუჩასთან დაკავშირებით, სადაც კოეფიციანტი გაიცა 9.0. არაერთი სხვა სამშენებლო ნებართვა ვნახეთ, რომელიც ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. თქვენ გახსოვთ, რომ სამოქალაქო პროტესტმა თავისი შედეგი გამოიღო, როდესაც პეკინზე საბავშვო ბაღის დანგრევის სანაცვლოდ შსს მინისტრის მოადგილე შენობის აშენებას ცდილობდა. ჩვენი ჩართულობით და მოსახლეობის პროტესტით შეცვლილი იქნეა ეს გადაწყვეტილება და ის მიწა ისევ სახელმწიფოს დაუბრუნდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, ფალიაშვილზე, მუდმივად პრეტენზიებია. არაფერი შეცვლილა და კვლავ გაიცემა საკმაოდ მაღალი კოეფიციენტები“,- განაცხადა აბესაძემ.
შეკითხვაზე, შეცვლის თუ არა ქალაქის ახალი გენგეგმა მშენებლობის კუთხით არსებულ პრობლემებს, აბესაძემ განაცხადა, რომ ამის თქმა მისთვის რთულია.
„რაც შეეხება ახალ დოკუმენტს, ჩვენ არ ვიცით, ის რას შეცვლის და თვისობრივად რამდენად ახალი დოკუმენტი იქნება. საუბარია არსებული დოკუმენტის განახლებაზე და გადამუშავებაზე. ერთი რამ ფაქტია, სანამ ეს დოკუმენტი დამთავრდება, არანაირი შეზღუდვა თბილისის მერიას არ აქვს. რამდენად აღმოჩნდება ამ დოკუმენტის შემუშავების შემდეგ ის ქმედითი და რამდენად შეცვლის რაიმეს ქალაქში, სადაც შესაძლებელია, რომ რაღაცების გამოსწორება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდეს. ეს ნამდვილად დიდი კითხვის ნიშანია. ასე რომ, რაში იხარჯება ის მილიონები, ჩვენთვის გაუგებარია. მერიის გაფორმებული ხელშეკრულებით და მომუშავე ჯგუფის განცხადებებით, ის 2017 წლის გაზაფხულზე უნდა იყოს მზად“,- განაცხადა აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები