“რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს
“რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,”რესპუბლიკური პარტია” კოალიცია “ქართულ ოცნებაში” მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება.
“საქართველოს “რესპუბლიკური პარტია” საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება დამოუკიდებლად, ინდივიდუალურ რეჟიმში. ეს გადაწვეტილება არ ნიშნავს “რესპუბლიკელების” დაუყოვნებლივ გასვლას კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და ადგილებზე საკრებულოების უმრავლესობიდან.
ჩვენ ამ საკითხებს გადავწყვეტთ ეტაპობრივად და ეს დამოკიდებული იქნება შემდეგ ფაქტორებზე: სამთავრობო თანამდებობს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო, და არავითარ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის ადგილობრივი სტალინელების, ვიდეოშანტაჟისტების ან ანტინატოელების ულტიმატუმების ფონზე. ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება პარტია “ქართული ოცნების” დაანონსებულ განახლებაზეც. “რესპუბლიკელი” მინისტრები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული საპარლამენტო პროგრამის შესრულებას, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ცნობისთვის, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26–27 მარტს იმსჯელა.