თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ინფორმაცია ამის შესახებ თვითმმართველობის თავმჯდომარემ შალვა საბაურმა გააჟღერა.
მისივე განმარტებით, თვითმმართველობის მიერ წაყენებული მოთხოვნის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებდა იმას, რომ უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა კონკრეტული ვადის მითითებით უნდა გადამდგარიყო, რაც შესრულდა კიდეც.
“ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც უნივერსიტეტში მობილიზებულები იყვნენ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან. ეს პროცესი არის შეუქცევადი. ერთი გადადგა წინა კვირას. გუშინ გვაცნობეს, რომ ჩვენ მიერ დასახელებულმა პირმა დატოვა უნივერსიტეტი. ეს კი ჩვენი გამარჯვებაა, იქიდან გამომდინარე, რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს არა კონკრეტული პირის წასვლით, არამედ იმით, რომ პასუხისმგებლობა ავაღებინეთ რეალურ პასუხისმგებელ პირს”, – განაცხადა შალვა საბაურმა.