თსუ ლადო პაპავას გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადება 1 მაისიდან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, – ამის შესახებ თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 მაისამდე გაიმართება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები, რომელსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადება 1 მაისიდან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. რაც შეეხება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება – იგი გააგრძელებს კანონით განსაზღვრული მოვალეობის შესრულებას უწყვეტ რეჟიმში არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივლისისა, რათა უზრუნველყოფილი იყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა და უნივერსიტეტში შეუფერხებელი სასწავლო პროცესი.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
„მე გამოვდივარ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან. კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, აკადემიურმა საბჭომ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა გადადგომის შესახებ, რომელიც ძალაში შევა 1 მაისიდან. ერთი თვე საჭიროა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად. ეს ერთი თვე მე ვასრულებ რექტორის ფუნქციას და ვამზადებ მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც უნივერსიტეტში ხდება. ყველა სტუდენტი ჩვენი სტუდენტია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესი არ შეწყდეს და გაგრძელდეს სამეცნიერო კვლევები. მე ვიცი, რომ ახალგაზრდებს უყვართ უნივერსიტეტი. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო აკადემიურმა საბჭომაც – არაუგვიანეს პირველი ივლისისა აკადემიური საბჭო შეწყვეტს საქმიანობას და გამოცხადდება აკადემიური საბჭოს ახალი არჩევნები,“- განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
აკადემიური საბჭოს წევრის ქეთევან მარშავას განცხადებით, „აკადემიური საბჭო გადადგება პირველი ივლისიდან, რადგან მანამდე აკადემიურმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და კანცლერის არჩევნების ჩატარება. ამის შემდეგ აკადემიური საბჭო შეწყვეტს თავის უფლებამოსილებას.“
აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით 1 მაისამდე გაიმართება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები, რომელსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი“, -აღნიშნულია თსუ-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები