მაია ბითაძე ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძემ, როგორც ბირთვული უსაფრთხოების შერპამ საქართველოს მხრიდან, მონაწილეობა მიიღო ბირთვული უსაფრთხოების 2016 წლის სამიტის მოსამზადებელ შერპების მე-6 შეხვედრაში, რომელიც ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი, ამერიკის შეერთებული შტატები) გაიმართა.
შერპების ხსენებული დასკვნითი შეხვედრის მიზანი იყო ბირთვული უსაფრთხოების 2016 წლის სამიტთან დაკავშირებული უკანასკნელი დეტალების შეთანხმება.
შესაბამისად, განიხილეს როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი საკითხები. მაია ბითაძემ წარადგინა იმ ერთობლივი განცხადებების ჩამონათვალი, რომლებზე ხელმოწერითაც საქართველომ გამოხატა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში დამატებითი ღონისძიებების განხორციელებისა და ჩართულობის პოლიტიკური ნება. კერძოდ, საქართველო მიერთებულია ისეთ განცხადებებს, რომლებიც ითვალისწინებს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალებით უკანონო ვაჭრობის აღსაკვეთად ეროვნული შესაძლებლობების გაუმჯობესებას, ბირთვული ექსპერტიზის გაძლიერებას, მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის შემცირებას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ბირთვულ ტერორიზმთან ეფექტიანი ბრძოლა მსოფლიო მასშტაბით. ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში საქართველო წარადგენს ბირთვული უსაფრთხოების ეროვნულ ანგარიშს, რაც ასევე იყო შერპების მე-6 შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი საგანი.
შერპებმა, იმავდროულად, მოისმინეს პრეზენტაცია ბირთვული მრეწველობის სამიტის შედეგად მიღებული შედეგების შესახებ, რაც ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად მიმდინარეობდა. ბირთვული უსაფრთხოების 2016 წლის სამიტი კი ხვალ, 31 მარტს გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები