“ქვეყანაში არა მარტო რუსული, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიცაა შემოსული და ურთულეს სამუშაოს ატარებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახური ურთულეს სამუშაოს ატარებს.
როგორც სუს-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, საქართველოში რუსული სპეცსამსახურების გარდა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც არიან შემოსულნი.
ვახტანგ გომელაური სუს-ის მისამართით გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო წელთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდის ფონი მომატებულია.
“არავინ არ მუშაობსო – ძალიან ცუდი შეფასებები გააკეთეს. კონტრდაზვერვა მაქსიმალურს აკეთებს. რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდის ფონი მომატებულია, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია. ეს ყოველი საარჩევნო წლის, პერიოდის დროს იმატებს. ქვეყანაში არა მარტო რუსული რბილი ძალები, სხვა ქვეყნის ბევრი სპეცსამსახურია შემოსული და ურთულეს სამუშაოს ატარებს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. კიდევ ხაზს ვუსვამ, რაღაც ფონი აწეულია რუსული მიმართულებით, როგორც უწოდებთ რუსული რბილი ძალების მიმართულებით, თუმცა არა მარტო რუსული სპეცსამსახურის თანამშრომლები, არამედ ჩვენი მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლებიც არიან შემოსულები და ამ მიმართულებით მუშაობს კონტრდაზვერვა”,-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.