ლეონიდ ჩერნოვეცკი პრემიერ-მინისტრს მიმართავს – ის, რაც ტურისტულ ზონებში ხდება განუკითხაობაა

პოლიტიკური მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ტურისტულ ზონებში უმწეოთა სიმრავლის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალური წერილით მიმართავს.
ჩერნოვეცკის შეფასებით, ის, რაც თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში ხდება – სრული ქაოსი და განუკითხაობაა.
მისი თქმით, ეს ფაქტი პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ტურისტული განვითარების თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის თანამოქალაქეებისთვისაც.
„ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით დაწყებული, თავშეყრის სხვადასხვა ადგილებით დამთავრებული, გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანების არმია ელოდებათ, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ მათგან ფულს.
იმ შემთხვევაში, თუ მათ არ «ეხმარებიან», ისინი ყველანაირად აწუხებენ მოქალაქეებს, ეხვევიან ფეხებზე და უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ. საქართველოს იმიჯს კი ეს მნიშვნელოვნად აზიანებს. მსგავსი ვითარებაა ყველგან: ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლესელიძის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე. ეს ფაქტი პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ტურისტული განვითარების თვალსაზრისით, არამედ ჩვენი თანამოქალაქეეისთვისაც.
ამ შემთხვევაში ტურისტებზე ვამახვილებ ყურადღებას, რადგან ეს ძალიან ვნებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და დიდ ზიანს გვაყენებს როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანას. უახლოესი 2 თვის განმავლობაში აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყება, დარწმუნებული ვარ, ზაფხულში საქართველოში იქნება ტურისტული ბუმი და სასურველია იმაზე ვიზრუნოთ, რომ დამსვენებლებს არ შეექმნათ მსგავსი სახის პრობლემები.
უახლოეს 2-3 წელიწადში ჩვენ უნდა შევძლოთ ტურისტების რიცხვის გაზრდა 7-8 მილიონამდე ყოველწლიურად, მაგრამ მსგავსი პრობლემების ფონზე ეს მიზანი მიუღწეველი იქნება საქართველოსთვის. ბატონო პრემიერო, მოგმართავთ ინიციატივით, რომ საქართველოს საზღვრებზე კონტროლი მეტად გამკაცრდეს. კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არის ალბათობა რომ მსგავსი საქმიანობასისთვის შემოდიან საქართველოში.
მეტი ეფექტურობისთვის, საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება, რომელიც დაამკვიდრებს ფეხით პატრულირების ინსტიტუტსაც, რომლის პირდაპირი მოვალეობა იქნება მკაცრი რეაგირების მოახდენა კონკრეტულად ასეთი ტიპის შემთხვევებზე. ამრიგად პატრულის თანამშრომლების დახმარებით ჩვენ მოვახერხებთ მოვაწესრიგოთ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. ხოლო უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც ორჯერ ან მეტჯერ იქნებიან შემჩნეულნი მსგავს საქმიანობაში, დაუყოვნებლივ უნდა დეპორტირდნენ და გავაძევოთ ქვეყნიდან.
გარდა ამისა, ეს ადამიანები თითქმის ყოველთვის არასწრულწლოვან ბავშვებთან ერთად ითხოვენ ფულს მოქალაქეებისგან, პირველივე შემთხვევისას პატრულმა ასეთი ბავშვების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა უნდა უზრუნველყოს, ხოლო მშობელს უნდა ჩამოერთვას ბავშვზე მეურვეობის უფლება.
მსგავს ვითარებაში არასრულწლოვნები ხშირად კრიმინალური გაერთიანებების რეკეტის მსხვერპლნი ხდებიან, რომლებიც იყენებენ მათ მეტი ფულის შოვნისთვის. ყოველთვის მქონდა უთანხმოება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ამ დრომდე ჩემთვის გაურკვეველია ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი აწარმოებენ, რატომ არ აქცევენ ყურადღებას ამ არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებიც გვხვდება ყველგან ქუჩაში, გზებზე, შუქნიშნებთან და საერთოდ რატომ არაფერს აკეთებს სოციალური მომსახურების სააგენტო იმ დროს, როცა თბილისის ქუჩებში მსგავსი განუკითხაობაა.
საქართველოში მძიმე სოციალური ფონია, თითოეულ ბავშვზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო, ბავშვის ადგილი არაა ქუჩაში და ეს პროლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია. ბატონო პრემიერო, გთხოვთ ხელი შეუწყოთ საჭირო პროცედურების გატარებას, იმისთვის რომ მოგვარდეს ეს მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ასევე საქართველოს ტურისტული განვითარებისთვის”, – ნათქვამია ლეონიდ ჩერნოვეცკის მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები