მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, სავარაუდოდ, კობა ნაყოფიას მანქანით სარგებლობს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მანქანა, რომლითაც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდება, ნამდვილად არ ეკუთვნის მას.
“ეს არის მისი მეგობრის მანქანა, მე მგონი, კობა ნაყოფიასია, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, სავარაუდოდ, ასეა. ეს მანქანა ლეგალურად შეიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე”,-განაცხადა ვაშაძემ.
მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა, რომ მისთვის, როგორც ახალი გუბერნატორისათვის, მანქანა ეყიდათ.
“როგორც სტანდარტი, ახალი გუბერნატორისთვის ახალ მანქანას ყიდულობენ. მან კი მეგობარს სთხოვა, არ დახარჯულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის ფული და მისი მანქანით ემოძრავა”,- აღნიშნა ვაშაძემ.
უკრაინული მედიის ცნობით, ავტომობილი Mercedes S63 AMG, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდება, 144 ათას დოლარამდე ღირს. ავტომობილის ქართულ ნომრებს: GE-005-UA-ს სიმბოლური დატვირთვა აქვს – ლათინური ინიციალები საქართველოსა და უკრაინის გამომხატველია, ხოლო ციფრი 5 სიმბოლურად -“ნაციონალური მოძრაობის”.
გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ფორუმზე მიხეილ სააკაშვილი „როლექსის“ ოქროს საათით გამოჩნდა. აღნიშნული საათი 11 ათასი აშშ დოლარი ღირს და ის 18- კარატიანი ოქროთია დამზადებული. მედიის ცნობით, ეს არ არის ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი მიხეილ სააკაშვილის დიდი კოლექციიდან, რომლის დემონსტრირებას სააკაშვილი სიამოვნებით ახდენს.
კოლექციაში არის ასევე „ომეგა“ და ექსკლუზიური „ბრაითლინგი“. აღსანიშნავია, საზოგადოებასთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახლა არ არის ის დრო, გაიფლანგოს დიდი თანხები და რომ საჭიროა, ებრძოლონ კორუფციას და საბაჟოზე არსებულ კორუფციას. ამასთან, როგორც ადგილობრივი მედია წერს, სააკაშვილმა ტერიტორია ძვირად ღირებული მანქანით დატოვა, რომელიც სცილდება საბიუჯეტო თანხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები