პროკურატურაში პროექტი – „ერთი დღე პროკურორად“ განხორციელდა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ პროექტში -„ერთი დღე პროკურორად“ მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი „ერთი დღე პროკურორად“ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასთან (ELSA) თანამშრომლობით განახორციელა.
პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურატურა სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 26 სტუდენტს ორი დღე მასპინძლობდა.
ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია პროკურატურის სტრუქტურის, მისი საქმიანობის და ფუნქციების შესახებ.
სტუდენტები გაეცნენ პროკურატურაში სტაჟირების სისტემას, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების საქმიანობას, პროკურორთა სწავლების პროცესს. პროექტის მონაწილეები ასევე დააკვირდნენ პროკურორთა პრაქტიკულ საქმიანობას – სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერისა და საპროცესო ზედამხედველობის განხორციელების პროცესს. საქართველოს პროკურატურა ანალოგიური პროექტის განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.