დავით უსუფაშვილი: “რესპუბლიკური პარტია” მთავრობიდან გასვლის საკითხს არ განიხილავს
“რესპუბლიკური პარტია” კოალიციიდან, უმრავლესობიდან, მთავრობიდან გასვლის საკითხს არ განიხილავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი არჩევნებისთვის მზადება ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულებაა, არათუ უფლება. მომავალ არჩევნებზე პარტიები ცალკე გავლენ, საარჩევნო ბლოკში იქნებიან, თუ როგორ იქნებიან, ამაზე ყველა პარტია და მათ შორის “რესპუბლიკური პარტიაც” მსჯელობს.
“რესპუბლიკური პარტია” კოალიციაში არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდით გაერთიანდა და საერთოდ, კოალიციები სხვა ტიპის გაერთიანებებისგან სწორედ ამით განსხვავდება, ამიტომ “რესპუბლიკური პარტია” კოალიციიდან, უმრავლესობიდან, მთავრობიდან გასვლის საკითხს არ განიხილავს – ეს ერთი.
მეორე, – მოახლოვდა ახალი არჩევნები. ახალი არჩევნებისთვის მზადება ყველა პოლიტიკური პარტიის ვალდებულებაა, არათუ უფლება. მომავალ არჩევნებზე პარტიები ცალკე გავლენ, საარჩევნო ბლოკში იქნებიან, თუ როგორ იქნებიან, ამაზე ყველა პარტია მსჯელობს, ყველა პარტია ფიქრობს, მათ შორის “რესპუბლიკური პარტია”. ამასობაში, ჩვენ ამას ვფიქრობთ არა მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში, არამედ ვაკვირდებით პროცესებს კოალიციაშიც.
ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა, რომ ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები იყოს სინქრონიზებული, იყოს გააზრებული და იყოს კოორდინირებულიც კი კოალიციურ სისტემაში. ამ პროცესის შედეგი ალბათ მალე იქნება ცნობილი. “რესპუბლიკური პარტიის” ერთგულება კოალიციური ვალდებულებებისადმი ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ – ძალიან მძიმე და კრიზისულ ვითარებებშიც კი და ჩვენ ასევე ვართ განწყობილნი. ამასთანავე, მომავლი არჩევნების თემა ეს არის ცალკე თემა, ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი – იმას, თუ ვინ როგორ დავლაგდებით, ამას მალე შეიტყობთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.