კობა კობალაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული კობა კობალაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს. მისი თქმით, მუხროვანის საქმეზე საქართველოს ექსპრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და მისი ბრალდებები უბრალოდ თავდაცვის ინსტინქტია. კობალაძე ბრალდებებს უპასუხისმგებლოს და აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მუხროვანის საქმეზე სასამართლო პროცესები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა არცერთ სხდომაზე აღნიშნული ეპიზოდი არ ფიგურირებდა. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განმარტებით, ამბოხი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი და ოთანაძე და კრიალაშვილი სწორედ მათგან იღებდნენ დავალებებს. როგორც ექსპრეზიდენტმა განაცხადა, ამბოხების ორგანიზატორებმა მუხროვანის ბაზაზე ერთ-ერთი ოთახის დანაღმვა მოახერხეს. სააკაშვილის განმარტებით, აფეთქება მხოლოდ იმის გამო არ მოხდა, რომ ადგილზე მობილური კავშირი არ არსებობდა.