გოგლა ჟვანია და ნინო ქადაგიძე-ჟვანია ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ
პარლამენტის უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება. როგორც „კვირას“ გოგლა ჟვანიამ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მორიგი ტყუილი ამცნო. დეპუტატმა კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, თითქოსდა ნინო ქადაგიძე-ჟვანია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ექსპრეზიდენთან მივიდა და მას ფულის ამოღება სთხოვა. გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ის და ნინო ქადაგიძე-ჟვანია 26 მარტს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ და მედიასაშუალებებით ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.
შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, რომ მასთან ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე მივიდა და სთხოვა, ფული ამოეღოთ. როგორც გადაცემა ,,არჩევანში” სააკაშვილმა განაცხადა, მან ქადაგიძისგან შეიტყო, რომ ბადრი პატარკაციშვილმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამდე საკმაოდ დიდი თანხა მისცა. „როდესაც ზურა გარდაიცვალა, ვთხოვე, მისი მეუღლეს ჩემთან მოსულიყო. როდესაც მოვიდა, ვკითხე, შენ გგონია, რომ ვინმე რამეს მალავს? მან მიპასუხა, არა, არ მგონიაო… შენთან რა პრეტენზია შეიძლება მქონდესო. თუმცა, ერთი საინტერესო რამ მითხრა, რომ ზურას გარდაცვალებამდე ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ბევრი ფული მისცაო და ამის ნაწილი მინდა ამოვიღოო. ვარაუდობდა, დაცვის თანამშრომლები სანამ ადგილზე მივიდოდით, თანხა ხომ არ წაიღესო. როგორც ჩანს, ნინოს პატარკაციშვილმა უთხრა, რომ მან ზურას ბევრი ფული მისცა“, – განაცხადა სააკაშვილმა.