განათლების სამინისტრომ მსოფლიო ფორუმში გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვა

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში გამარჯვებული პედაგოგები Windows 8 ოპერაციული სისტემის მქონე პლანშეტური კომპიუტერებით დააჯილდოვა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მასწავლებლები – მარეხ ბასილიძე (თბილისის #157 საჯარო სკოლა), რუსუდან გონაშვილი (დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა) და თეა ნონიკაშვილი (გორის რაიონის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა) მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობისათვის კონკურსის წესით შეირჩნენ.
გლობალურ ფორუმზე ქართველმა პედაგოგებმა მსოფლიოს 97 ქვეყნის 250 საუკეთესო მასწავლებელთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საგანმანათლებლო პროექტების შექმნაზე აქტიურად იმუშავეს. ეს პროექტები გრძელვადიანია და სხვადასხვა ქვეყნის საკლასო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს. მაიკროსოფტის განათლების მსოფლიო ფორუმი ბარსელონაში, მიმდინარე წლის 11-14 მარტს გაიმართა. ფორუმი მაღალი დონის ღონისძიებას წარმოადგენს, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლები მონაწილეობენ. ეს პედაგოგები, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენებით, ინოვაციურ სასწავლო რესურესებს ქმნიან. ფორუმის დროს ხდება ამ საგანმანათლებლო პროექტების წარდგენა, მიმდინარეობს სემინარები და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოფენა იმართება.
მაიკროსოფტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთან თანამშრომლობით, რამდენიმე წელია საქართველოში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები