ჯარისკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თინათინ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში ნაცნობ ახალგაზრდა მამაკაცს, მისივე საცხოვრებელ ბინაში, ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, რის შემდეგაც ბინაში ბენზინი მოასხა, ხანძარი განზრახ გააჩინა, კარი ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძინარე მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ქალაქ გორში გვიან ღამით შენიშნეს ახალგაზრდა ქალი, რომლის ქცევაც ეჭვს იწვევდა. მან პოლიციელების დანახვისთანავე მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, გოგონას ზედაპირული დათვალიერების შედეგად, მისი ერთ-ერთი ჯიბიდან ბინის გასაღები და მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლებიც, როგორც შემდეგ დადგინდა, გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა.
შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები