საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი გაჩეჩელაძის სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „ტელეკომპანია მესტროს“ ხელშეკრულებას.
„კვირა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია გიორგი გაჩეჩილაძის სარჩელი შპს ,,სტუდია მაესტროს” და შპს ,,ტელეკომპანია მაესტროს” შორის 2014 წლის 24 ოქტომბერს დადებული უფლების გადაცემის აქტის (ხელშეკრულების) სასაქონლო ნიშანზე _ “მაესტრო Maestro” ბათილად ცნობის, შპს ,,სტუდია მაესტროს” პარტნიორთა 2015 წლის 16 ნოემბრის კრების ოქმის ბათილად ცნობის და სასაქონლო ნიშანზე – “მაესტრო Maestro” შპს ,,სტუდია მაესტროს” საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის განჩინებით, დაკმაყოფილდა გიორგი გაჩეჩილაძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და შპს ,,ტელეკომპანია მაესტროს” აეკრძალა სასაქონლო ნიშნის – ,,მაესტრო Maestro” – გამოყენება და ამ დასახელების შემცველი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით სატელევიზიო მაუწყებლობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლო მიჩნია, რომ ვინაიდან მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე მოპასუხისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ სასაქონლო ნიშანზე – ,,მაესტრო Maestro” საკუთრების უფლების აღდგენა, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს ,,ტელეკომპანია მაესტროს” მიერ ნიშნის ან სახელი ”მაესტროს” შემცველი სხვა სასაქონლო ნიშნით საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის დაწყების შემთხვევაში, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოუყენებლობით შპს ,,სტუდია მაესტროსათვის“ ზიანის მიყენების შესახებ. რომელიც შესაძლოა კომპენსირებული ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი იყო. ასევე, სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, ვინაიდან მოპასუხე შ.პ.ს. ,,ტელეკომპანია მაესტრო” არ მაუწყებლობს სასაქონლო ნიშნით – ,,მაესტრო Maestro”, მოპასუხეს არ შეიძლება მიადგეს ზიანი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვით. სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ ზიანის აცილების უზრუნველყოფის და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესის რეალიზების მიზნით გამართლებული იყო მოსარჩელე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება საჩივრდება ხუთი დღის ვადაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ შპს ,,სტუდია მაესტროს” გადახდისუუნარობის საქმეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის განჩინებით, საქმისწარმოება შეწყდა“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები