პრემიერი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვიდა

  ჩვენ რთული და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ხოლო რამდენად ლეგიტიმური და ეფექტიანი იქნება ჩვენი რეაგირება, დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰააგის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მიზნებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველოს პრემიერმა სამიტის მონაწილეებს, ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე მოუთხრო. მისი განცხადებით, 2012 წლის სამიტის შემდეგ საქართველომ გაააქტიურა მუშაობა ქვეყანაში, რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ბირთვული მასალების კონტრაბანდისა და ბირთვული ტერორიზმის პრევენციის კუთხით. კერძოდ – გააფართოვა ბირთვული უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზა, განავითარა უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა და გააღრმავა საერთაშორისო თანამშრომლობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველო, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განმტკიცების მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, ევროკავშირთან, ნატოსა და ეუთოსთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მთავრობებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, თვითკმაყოფილება გაუმართლებელია, ვინაიდან საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.
„ყველაზე მგრძნობიარე საკითხია ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილის, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის შავი ზღვისპირეთის ოკუპაციიდან გამომდინარე საფრთხე. ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, სადაც საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები ან საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან სუსტია, აქაც კონტრაბანდის საფრთხე საკმაოდ რეალურია. ეს საკითხი პრობლემატურია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც, ზოგადად. მოგიწოდებთ, შემომიერთდეთ, რათა სათანადო ყურადღება დავუთმოთ ამ საკითხს“, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს.
ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტი ჰააგაში დღეს გაიხსნა. სამიტს ესწრებიან 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები, ასევე ოთხი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 5 ათასზე მეტი დელეგატი ჰყავს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და ევროკომისიის პრეზიდენტი მანუელ ბაროზო. ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს 6-კაციანი დელეგაცია ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები