სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა

სასჯელაღსრულების ქალთა მე-5 დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. რამდენადაც ცნობილია კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნული ღონისძიება მსჯავრდებულებისთვის განწყობის ასამაღლებლად გაკეთდა. “ჩვენ კონცერტის გზით მივულოცეთ ქალბატონებს 8 მარტი, იმედი გვაქვს, მომავალ წელს, როდესაც კვლავ მოვალთ ამ დღეს მე-5 დაწესებულებაში, მათი დიდი ნაწილი უკვე გათავისუფლებული იქნება,”- განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
მსჯავრდებულ ქალებს დღესასწაული ქართველმა მომღერლებმაც მიულოცეს. კონერტში მონაწილეობა „ქუჩის ბიჭებმა“, გიო და ზუკა ხუციშვილებმა, ლაშა და ანა ღლონტებმა, ზურაბ მანჯავიძემ, ბუკა მანაგაძემ და სხვა შემსრულებლებმა მიიღეს. სპეციალურად ქალთა დღესთან დაკავშირებით ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს. კონცერტის წამყვანი მსახიობი ნიკა წულუკიძე იყო. დღესასწაული მსჯავრდებულებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც მიულოცა. “სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ და თბილისის მერიამ განუმეორებელი ზეიმი აჩუქა იმ ქალბატონებს, რომლებიც სასჯელს იხდიან რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში. მინდა მათ და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცო 8 მარტი,”- განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები