ჯანდაცვის კომიტეტი მრავალშვილიანი ოჯახის სტანდარტის განსაზღვრაზე მუშაობს – რა შეღავათები დაუწესდებათ მათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრის შესახებ ისაუბრა. როგორც დეპუტატმა განმარტა, ქვეყანაში არ არსებობს საერთო სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენი შვილის ყოლის შემთხვევაში ჩაითვლება მშობელი მრავალშვილიანად. მრავალშვილიანის სტანდარტის დადგენის შემდეგ მათთვის უკვე კონკრეტული შეღავათები განისაზღვრება.
„8 თვეა კომიტეტი მუშაობს ამ საკითხზე. შედეგამდე ჯერ ვერ მივედით, რადგან არ არსებობს სტატისტიკა. ველოდებით საყოველთაო აღწერის შედეგებს, აღწერის კითხვარის მიხედვით ჩვენ გვექნება ინფორმაცია, ქვეყანაში რამდენია სამშვილიანია, რამდენი ოთხშვილიანი და ასე შემდეგ… ამ ინფორმაციას კომიტეტი აპრილში ელოდება. ეს აუცილებელია ჯერ სტატუსის დასადგენად, რომ სწორად განისაზღვროს, ვინ შეიძლება იყოს მრავალშვილიანი და მოხდეს გარკვეული ფინანსური გათვლა.
საბაზისო სამუშაოები ჩვენ ჩატარებული გვაქვს. ამ გათვლების შემდეგ უკვე კანონპროექტს პარლამენტში განსახილველად გამოვიტანთ. ქვეყანაში უნდა არსებობდეს საერთო სტანდარტი. ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს მათთვის შეღავათები. აქ საუბარია საგადასახადო შეღავათებზე, კომუნალურ შეღავათებზე… თუმცა ჩვენ მხოლოდ რაოდენობაზე არ უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ თაობა იყოს განათლებული. მრავალშვილიან ოჯახებს ამ კუთხით უჭირთ, რადგან მათ მეტი დანახარჯი აქვთ. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, რომ განათლების კუთხით მათ შეღავათები ჰქონდეთ“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები