“ჩვენ ვსაუბრობთ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე”
ჩვენ ვსაუბრობთ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებაზე – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც მან მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, მომავალ კოალიციურ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, “რესპუბლიკელებისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანია ის, გვაქვს თუ არა ურთიერთგაგება კოალიციის მთავარ, წამყვან პოლიტიკურ ძალასთან, პარტია “ქართულ ოცნებასთან”.
“ბოლო ხანებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა იმას, რომ “რესპუბლიკურმა პარტიამ” და პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს მზაობა სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ამას მოჰყვა ძალიან ბევრი სპეკულაცია და მე მინდა განვმარტო მაკაფიოდ და გასაგებად – ჩვენ ვსაუბრობთ არა ორპარტიულ კოალიციაზე, არამედ ორ პარტიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებაზე. ეს არის სრულიად ბუნებრივი ამბავი, იმიტომ, რომ მომავალ კოალიციურ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, “რესპუბლიკელებისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანია ის, გვაქვს თუ არა ურთიერთგაგება კოალიციის მთავარ, წამყვან პოლიტიკურ ძალასთან, პარტია “ქართულ ოცნებასთან”. აბა, პირიქით ხომ არ დავიწყებდით პროცესსს, ჯერ ჩვენს მეგობრებს, ვთქვათ, “კონსერვატორებს” შევუთანხმდეთ პარტნირობაზე და შემდეგ ერთად მივადგეთ “ქართულ ოცნებას”? რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა სწორი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.