„კოალიციური ერთობა იქნება არჩევნებამდეც და გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც“
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კოალიციაში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, კოალიციაში რიგითობით დაყოფა მისთვის წარმოუდგენელია. ხუნდაძის განმარტებით, კოალიციური ერთობა იქნება არჩევნებამდეც და გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც.
„კოალიციური ერთობა იქნება არჩევნებამდეც და გაგრძელდება არჩევნების შემდეგაც, მაგრამ ნუმერაცია და მასში პარტიების რიგითობით დაყოფა წარმოუდგენელია. თუმცა კოალიციაში მმართველი ძალა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა“, ის არის პირველი, მეორე, მესამე მეოთხე ჩემთვის წარმოუდგენელია. კოალიციის ერთობა ფორმალური არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს შინაარსობრივი და გარეთაც უნდა იგრძნობოდეს. საზოგადოებაც და სხვა პოლიტიკური პარტიებიც უნდა გრძნობდნენ, რომ კოალიცია არის ერთი. კოალიციაში არასტაბილურობა გადამდებია საზოგადოებისთვისაც და ქართულ სახელმწიფოებრიობას არ წაადგება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რაც შეეხება მთავრობაში შესაძლო ცვლილებებს, ხუნდაძის განცხადებით, მალე პრემიერი ზოგადი პოლიტიკური თემების ანალიზს დაამთავრებს, რასაც შესაძლოა, სხვადასხვა სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებები მოჰყვეს.
„ჩემი აზრით, ცვლილებები უნდა იყოს, თუმცა ყველა ცვლილება ქვეყნის სტაბილურობას და წინსვლას უნდა ემსახურებოდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.