აიუფ ბორჩაშვილი – საქართველოს წინააღმდეგ არავითარი ცუდი ზრახვები არ მქონია
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულმა აიუფ ბორჩაშვილმა დღეს საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვისას განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მას არავითარი ცუდი ზრახვები არ ჰქონდა. ამიტომ ისურვებდა, რომ არ ყოფილიყო მისივე ქვეყნის წინააღმდეგ დამნაშავედ შერაცხული.
“საქართველოს წინააღმდეგ არავითარი ცუდი ზრახვები არ მქონია. ვინც მიცნობს, ეს ყველამ კარგად იცის. უბრალოდ ვისურვებდი, რომ არ ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ დამნაშავედ შერაცხული”, – განაცხადა ბორჩაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს ასევე აიუფ ბორჩაშვილთან ერთად დაკავებულმა კიდევ ორმა პირმა – დავით ფირისებიამ და გიორგი ხუტუნიშვილმა.
როგორც ფირისებიამ აღნიშნა, ის პირები, ვინც სირიაში წავიდნენ, სირიის თავისუფალ არმიაში გაერთიანდნენ.
“ბიჭები მიდიან სირიის თავისუფალ არმიაში და ამ არმიას მხარს უჭერს ამერიკა. ჩვენთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამას “ისლამურ სახელმწიფოსთან”, – განაცხადა ფირისებიამ.
შეგახსენებთ, რომ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ აიუფ ბორჩაშვილს, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციაში საქმიანობაში მონაწილებისთვის დაკავებულ დავით ფარისებიას და გიორგი ხუტუნიშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით, ხუტუნიშვილს 11 წლით, ხოლო დავით ფირისებიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. კუპრავა ერთადერთი ბრალდებული იყო, რომელთანაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.