თინათინ ხიდაშელი: აქცია „არა გაზპრომს“ ღია კარის მტვრევაა“
თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილი აქცია “არა გაზპრომს”, ღია კარის მტვრევაა.
ხიდაშელის თქმით, აღნიშნული აქცია “ნაციონალური მოძრაობის” ახირებაა.
„ჩემთვის ეს არის ღია კარის მტვრევა, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობაა” დაკავებული. ეს არის ძალიან სამწუხარო აქცია. ქვეყანაში არაფერი არ ხდება ისეთი, რაც ასეთი აქციის აუცილებლობას გახდის საჭიროს, მაგრამ თუ ატარებ ასეთ აქციას, რასაც თავისი არსით, ქვეყნის ორიენტაციიდან გამომდინარე აკეთებ, იქ ბევრი ხალხი უნდა გყავდეს. მაგრამ როცა იცი, რომ იქ არავინ გეყოლება, ყველაზე უფრო სწორი იდეების მარგინალიზაცია არ უნდა მოახდინო, თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” ამით გამოირჩევა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ღია კარის მტვრევა. საქართველოში არცერთი მიზეზი არ არსებობს, რომ იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიპის აქციები მოუწყო, მაგრამ ეს მათი ახირებაა“,- განაცხადა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია „არა გაზპრომს“ ხალხის მცირე რაოდეობის გამო ჩაიშალა. აქცია ცოცხალი ჯაჭვის სახით კანცელარიიდან რუსეთის ყოფილ საელჩომდე უნდა გამართულიყო. ჯაჭვი ვერ შედგა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ჯგუფმა აქცია მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართა. აქციის ერთ-ერთი მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა, ის, რომ საქართველო არ დათანხმდეს “გაზპრომის“ მოთხოვნას სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურის მონეტარიზაციის შესახებ. მაშინ როდესაც, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, გუშინ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთისგან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრანზიტის საფასურად, კვლავ გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს.