მამუკა არეშიძე „გაზპრომის“ წინააღმდეგ აქციაზე: ეს იყო ხელების ქნევა ჩხუბის შემდეგ
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “კვირასთან“ “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ “გაზპრომის“ წინააღმდეგ დღეს გამართულ აქციას აფასებს.
ექსპერტი აცხადებს, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკების საკითხი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან იყო პოლიტიზირებული. მისი თქმით, დღეს გამართული აქცია იყო “აქცია აქციისთვის“.
არეშიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა“ მსგავსი ნაბიჯებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დასავლეთთან ქულების დაწერას ცდილობს.
ექსპერტის თქმით, ის, რომ საქართველო რუსეთისგან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრანზიტის საფასურად, კვლავ გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს მიიღებს, არა “ნაციონალური მოძრაობის“, არამედ ენერკეტიკის სამინისტროს და ზოგადად ხელისუფლების ეფექტური მუშაობის დამსახურებაა.
„ეს იყო პოლიტიზებული “ აქცია აქციისთვის“, “ნაციონალური მოძრაობა“ მსგავსი ნაბიჯებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დასავლეთთან ქულების დაწერას ცდილობს. “ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ მათი ზეწოლის შედეგად მოხდა 10% -ის თაობაზე შეთანხმება – ეს არის ნონსენსი. ვთქვათ, ჩვენს ხელისუფლებაზე მოახდინეს ზეწოლა, მაგრამ ამ პროცესში ხომ სხვა მხარეებიც იყვნენ ჩართულნი – რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, მათზე ზეწოლასაც ხომ ვერ მოახდენდენ?!
მე დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი ქმედების მიმართაც არ ვიშურებ კრიტიკას, როცა ამის საჭიროება დგება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეთრი და შავი ერთმანეთისგან ვერ გავარჩიოთ. არსებობდა ტექნიკური პრობლემა, რომელიც მოგვარდა და დღეს აზერბაიჯანის მხრიდან დამატებითი მოცულობის გაზის მოწოდების შესაძლებლობა გაჩნდა. მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ენერეგეტიკის სამინისტრომ და მთლიანად საქართველოს მთავრობამ ძალიან მომგებიანი შედეგი მიიღო საქართველოსთვის, ეს დასაფასებელია.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიც უნდა ილაპარაკოს ამ თემაზე ეს ისევ მათთვის იქნება წამგებიანი პოლიტიკურად. საზოგადოების დიდი ნაწილი არ მივიდა აქციაზე, რადგან მათ დაინახეს, რომ დღევანდელი აქცია იქნებოდა ხელების ქნევა ჩხუბის შემდეგ“, – განაცხადა “კვირასთან“ საუბრისას მამუკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქცია „არა გაზპრომს“ ხალხის მცირე რაოდეობის გამო ჩაიშალა. აქცია ცოცხალი ჯაჭვის სახით კანცელარიიდან რუსეთის ყოფილ საელჩომდე უნდა გამართულიყო. ჯაჭვი ვერ შედგა და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ჯგუფმა აქცია მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართა.