შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისათვის პოლიტიკა მკაცრდება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისათვის პოლიტიკა მკაცრდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაბამისი ცვლილებები საქართველოს შეიარაღებულ ძალების ახალი სადისციპლინო წესდების პროექტში უკვე აისახა და ის მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.
„საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანია აზარტული თამაშებისა და სიმთვრალის ფაქტებთან დაკავშირებით მიდგომების გამკაცრება.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, სამხედრო მოსამსახურეების მიერ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანწილად განმსაზღვრელი ყველა იმ უსიამოვნო და სამწუხარო ფაქტებისა, რაც უკავშირდება სამხედრო მოსამსახურის ფსიქიკურ სიჯანსაღეს და ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას – სიცოცხლის უფლებას.
სამინისტრო ასევე ორიენტირებულია შეიარაღებული ძალების ღირსების დაცვაზე. თავდაცვის სამინისტროსთვის და მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის ღირსების შემლახველი საქციელი პრინციპულად მიუღებელია და მის მიმართ სამინისტროს პოზიცია იქნება უმკაცრესი.
ისეთი ფაქტები, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, აგრეთვე სამხედრო ფორმით ყოფნისას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, იქნება მკაცრად დასჯილი.
შესაბამისი ცვლილებები საქართველოს შეიარაღებულ ძალების ახალი სადისციპლინო წესდების პროექტში უკვე აისახა. პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები