„მიგრანტების ჩასახლებაზე ჩვენი მხრიდან უარის თქმა ევროინტეგრაციის პროცესს ხელს არ შეუშლის“

ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შენგენის ზონის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. არეშიძის განმარტებით, ვიზალიბერალიზაცია არის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს საქართველო ევროპასთან ერთად. ექსპერტის შეფასებით, საქართველოს აქტივობას ევროატლანტიკური სივრცის მიმართ და მის მონაწილეობას ევროატლანტიკურ პროექტებში ევროპულ სტრუქტურებში ლობისტები ჰყავს და ისინი ვალდებულად თვლიან თავს, რომ მაქსიმალურად დაიახლოვონ საქართველო.
„ ვიზალიბერალიზაცია არ არის საჩუქარი საქართველოსთვის. ვიზალიბერალიზაცია არის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს საქართველო ევროპასთან ერთად. ევროპელების ინტერესიც არის, რომ მოხდეს ასეთი მიდგომების დემონსტრირება საქართველოს მიმართ. გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს აქტივობას ევროატლანტიკური სივრცის მიმართ და მის მონაწილეობას ევროატლანტიკურ პროექტებში, იქნება ეს ერაყი, ავღანეთი თუ ცენტრალური აფრიკა, ძალიან სერიოზული ლობისტები ჰყავს თვითონ ევროპულ სტრუქტურებში. აქედან გამომდინარე, ისინი ვალდებულად თვლიან თავს, რომ მაქსიმალურად დაიახლოვონ საქართველო“,- აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
რაც შეეხება ამ დაახლოების პროცესში საქართველოში მიგრანტების ჩასახლების საფრთხეს, არეშიძის თქმით, ასეთი მოთხოვნა ნახევრად ოფიციალურად უკვე გაჟღერდა, თუმცა საქართველოს ასეთი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში უარის თქმისთვის სერიოზული არგუმენტები აქვს, რის შემდეგაც ევროკავშირს საქართველოსთან პრეტენზიები ვერ ექნება.
„მიგრანტების ჩასახლების მოთხოვნა უკვე გაჟღერდა, თუმცა მას ნახევრად ოფიციალური ფორმა აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტი, რომელსაც, რამდენადაც ვიცი, ხელისუფლება იყენებს. ეს არის ჩვენი, საკუთარი ლტოლვილების დიდი რაოდენობა და, გარდა ამისა, ის ფაქტორი, რომ ჩვენ ამ ლტოლვილების მიღება კარგა ხანია დავიწყეთ.
თქვენ რომ გადახედოთ რაოდენობას და წარმომადგენლობას ქვეყნებიდან, რომელი ქვეყნებიდან არიან ლტოლვილები, მაგალითად, მარტყოფის გაეროს ბანაკში, მიხვდებით, რომ ეს პროცესი კარგა ხანია მიმდინარეობს, ოღონდ ამას ინტენსიური სახე არა აქვს. ლტოლვილებისთვის თვითონ საქართველო არ არის მიმზიდველი. უნგრეთის ხელისუფლება, მაკედონიის ხელისუფლება, რუმინეთის ხელისუფლება, პოლონეთის ხელისუფლება არ იღებს დევნილებს ასე, რომ ევროკავშირს ჩვენთან პრეტენზიები ვერ ექნება და არცა აქვს. ჩვენი მხრიდან არგუმენტირებული უარის თქმა ევროინტეგრაციის პროცესს ხელს არ შეუშლის“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები