ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
ბრიუსელში, მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის განვითარება, ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება და ვარშავის სამიტისთვის მზადების კონტექსტში, პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის განვითარება, ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება და ვარშავის სამიტისთვის მზადების კონტექსტში, პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
უწყების ინფორმაციით, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის ვალდებულების მიმართ საქართველოს ნატოს წევრად გახდომის თაობაზე და აღნიშნეს, რომ ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც ემსახურება ქვეყანაში კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. მინისტრმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. ალიანსის წევრებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ რეფორმებში მიღწეული წარმატებები.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოება.
ალიანსის წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესს და გამოიხატა მზადყოფნა, ამ მიმართულებით, საქართველოს დახმარება გააგრძელონ.
ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კვლავ დაადასტურეს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.
სხდომაზე განხილული იქნა ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი. გამოიხატა მზადყოფნა გადაიდგას ერთობლივი ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე პრაქტიკულ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით.
ელჩებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ საერთო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის და მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ აქტიური ჩართულობისთვის და „სწრაფი რეაგირების ძალებში“ მონაწილეობისთვის. ასევე, აღინიშნა საქართველოს მნიშვნელობა და მისი წვლილი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის უზრუნველყოფის პროცესში.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრ ვერშბოუსთან.