ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარ სერჟანტს შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი შერილ ლაიონი იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში მთავარ სერჟანტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.
„აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტის ვიზიტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენთვის. მას თან ახლავს ჩვენი მთავარი სერჟანტი, რომელიც ეცდება აჩვენოს ის საუკეთესო, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. პროფესიული სერჟანტთა სკოლის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ვიზიტები გაიზრდება და მათი მიზანი იქნება არა მხოლოდ რჩევის მიცემა და დახმარების აღმოჩენა, არამედ გამოცდილების გაზიარებაც,“ – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
დღის განმავლობაში შერილ ლაიონი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტ ბესო ხატიაშვილთან ერთად OCC ბატალიონის წვრთნას დაესწრება და სერჟანტთა მომზადების ცენტრს მოინახულებს. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი ქართველი სერჟანტების მომზადების პროცესს გაეცნობა და არსებული ვითარების შესახებ ევროპული სარდლობის გენერალს მოხსენებას წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები