აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)
დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან და საკრებულოს დეპუტატ ლადო ძნელაძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით, აგლაძის ქუჩაზე ამორტიზებული სანიაღვრე სისტემის გამოცვლა და დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, პარალელურად მზადდება საფუძველი ასფალტის ახალი საფარის დასაგებად. პროექტის მიხედვით ეწყობა ახალი ბორდიურები.
დავით ნარმანიას თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აგლაძის ქუჩა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
„წლების განმავლობაში აქ პრობლემა იყო არა მხოლოდ გზა, არამედ, მოუწესრიგებელი მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. ახლა ქუჩა კაპიტალურად კეთდება, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, გამოიცვლება წყლის მილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი კომპონენტია გზის ხარისხი, რადგან აქ საკმაოდ ბევრი მოსახლე ცხოვრობს, არის სამრეწველო ობიექტები და ბაზრობა, მოძრაობს ფართოგაბარიტიანი ტრანსპორტი. რეაბილიტაციის შემდეგ ეს გზა მაღალი ხარისხის იქნება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
საგზაო სამუშაოები თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური შეკეთების ფარგლებში მიმდინარეობს. აგლაძის ქუჩის პარალელურად საგზაო სამუშაოები სამებისა და მახათას ეკლესიების დამაკავშირებელ გზაზე, დაბა წავკისში – თბილისი-კოჯრის გზის მონაკვეთსა და კრწანისის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს შპს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” აწარმოებს. პროექტი მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება.