კრწანისის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთად ერთად გაეცნო. თბილისის მერმა ადგილზე დავალებებიც გასცა, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათ სხადასხვა საკითხის მოგვარებას კერძოდ, ბავშვებისთვის სათამაშო მოედნისა და მოსასვენებელი პარკის გაკეთებას დაჰპირდა.
კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში, ღოღობერიძის ქუჩაზე ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი და მიწისქვეშა კომუნიკაციების: საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად მზადდება საფუძველი ასფალტის ახალი საფარის დასაგებად.
„ღოღობერიძის ქუჩაზე ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ გზას კაპიტალურად გავაკეთებდით. აქ გზა არასდროს ყოფილა მოწესრიგებული, შესაბამისად სამუშაოები კაპიტალურად მიმდინარეობს. იჭრება გრუნტი, დაიგება ასფალტის საფარი. შევხვდი მოსახლეობასაც, მათ დავპირდით, რომ კიდევ სხვა საჭიროებებს მოვუგვარებთ. გაკეთდება პარკი, სკამები, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, იმისათვის რომ უბანი დაემსგავსოს უბანს და ცხოვრება გახდეს უფრო მეტად საინტერესო და კომფორტული ადგილობრივებისთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიის ინფორმაციით, საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის 19 თებერვალს დაიწყოდა 19 მაისს დასრულდება. სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს.