“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, თვითმხილველი დალი ხაბურძანია აცხადებს, რომ წაქცეულ პეტრიაშვილს ლურჯქურთუკიანი ახალგაზრდა ჯოხს ურტყამდა.
როგორც ხაბურძანიამ “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, პარტიის ლიდერი სასაფლაოზე ხშირად დადიოდა, ამჯერად კი ის მარტო იყო მოსული.
„აივანზე რომ გავედი, ვნახე, რომ ვიღაცა ახალგაზრდა, ლურჯქურთუკიანი, „კაპიუშონი“ ეხურა და წაქცეულ ბუკას ჯოხს ურტყამდა. ბუკა იძახდა: ყველაფერი მტკივაო. აქედან დავიწყე კივილი. ნუ კლავთ, რატომ კლავთ, არ გეცოდებათ-მეთქი? ამასობაში, მივხვდი, რომ უნდა მოვბრუნებულიყავი და პატრულისთვის მეცნობებინა. დავრეკე პატრულში და ათ წუთში პატრული მოვიდა. უკან რომ მივბრუნდი, ისინი აღარ იყვნენ. სახე არ მინახავს, მაგრამ ეტყობოდა, რომ ახალგაზრდა ბიჭი იყო. ვერ გეტყვით, რამდენნი იყვნენ. ბუკა მარტო იყო სასაფლაოზე. აქ ხშირად დადიოდა, მეგობარი ჰყავს გარდაცვლილი”, – აღნიშნა თვითმხილველმა.
საბურთალოს რაიონში უცნობმა პირებმა ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის – ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.