„სოლიდარობის ფონდმა“ პროკურატურაში პრეზენტაცია გამართა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს მთავარ პროკურატურაში „სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მიერ გაღებული დონაციების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ გახსნა. როგორც გიორგი გოგაძემ აღნიშნა, საქართველოს პროკურატურა უკვე მეორე წელია ჩართულია ამ კეთილ საქმეში და უწყების საამაყოდ უნდა ითქვას, რომ „სოლიდარობის ფონდში“ პროკურატურის მიერ ჩარიცხული თანხა ერთ თანამშრომელზე ყველაზე მაღალია.
მისი თქმით, საქართველოს პროკურატურა ყოველთვის გამოირჩეოდა თანადგომით, სოლიდარობით და ერთიანი ძალებით, შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას უწევს ყველას, ვისაც მხარში დგომა ესაჭიროება. ამის მაგალითები კი არაერთია როგორც უწყების შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე „სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ „სოლიდარობის ფონდში“ საქართველოს პროკურატურას ჩართულობის საკმაოდ კარგი და მაღალი მაჩვენებელი აქვს, რისთვისაც უწყების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.
გამჭირვალობისა და ანგარიშგების მიზნით, მარიამ ჯაშმა საქართველოს პროკურატურას, როგორც ფონდში ჩართულ ერთ-ერთ უწყებას, ფონდის მიერ გაწეული საქმიანობისა და მობილიზებული თანხების განკარგვის შესახებ ანგარიში ჩააბარა. მან ასევე ისაუბრა „სოლიდარობის ფონდის“ მიზნებზე, ამოცანებზე, პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე.
პრეზენტაციის შემდეგ ფონდის საქმიანობის შესახებ დისკუსია გაიმართა. „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ 2014 წლის ივნისში შეიქმნა, სადაც საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების 97% საკუთარი სურვილით გარკვეულ თანხას რიცხავს, რაც, საერთო ჯამში, ყოველთვიურად 10905-12200 ლარს შეადგენს.