სამხედრო მარშზე კონკურსის პირობებს კონსერვატორიის სტუდენტები გაეცნენ

ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის ხელმძღვანელი, კაპიტანი კობა მერმანიშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებს შეხვდა და სამხედრო მარშის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მუსკოლოგიისა და კომპოზიციის ფაკულტეტის სტუდენტებს კაპიტანი მერმანიშვილი მარშის სტრუქტურაზე, მის სტანდარტებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. სტუდენტებმა რამდენიმე მარში მოისმინეს და ნაწარმოებების პარტიტურებსაც გაეცნენ.
„სტუდენტებმა გამოხატეს დიდი ინტერესი კონკურსთან დაკავშირებით და გვთხოვეს, კონსერვატორიაში მოვსულიყავით და მათ შევხვედროდით. ბევრი მონდომებული სტუდენტი მოვიდა, რამაც ძალიან გამახარა. ვისაუბრეთ იმ ნაწარმოების შესახებ, რომელიც უნდა წარადგინონ. ვფიქრობ, ნაყოფიერი და სასიამოვნო შეხვედრა გამოგვივიდა,“ – განაცხადა კაპიტანმა კობა მერმანიშვილმა.
სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოაცხადა. საუკეთესო მარში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულდება. შეიარაღებული ძალების სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს. მისი მიზანი ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარება და ტრადიციების ჩამოყალიბებაა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ პირს.
საკონკურსო განცხადებები მიღება – 2016 წლის 23 თებერვლიდან 29 აპრილის 18:00 საათამდე.
საკონკურსო განაცხადების მიღება განხორციელდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 0112, თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა 117ა.
კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციისათვის, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00 სთ-მდე, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელს, თამარ გოგოჩაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები