ბაკურიანში მიმდინარე სამთო მომზადების კურსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბაკურიანში მიმდინარე სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყებააში აცხადებენ, მიმდინარე სამთო კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ქართველ სამხედროებთან ერთად თურქეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, უკრაინადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოვლენილი სამხედროები თხილამურებზე დგომის წესებსა და თოვლიან რელიეფზე დაბრკოლების გადალახვის ხერხებს ეუფლებიან.
“პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების საბაზისო კურსი დაიწყო. „ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის“ – პროგრამის (PFP) ფარგლებში, ბაკურიანში მიმდინარე სამთო კურსში, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ქართველ სამხედროებთან ერთად თურქეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მოვლენილი სამხედროები თხილამურებზე დგომის წესებსა და თოვლიან რელიეფზე დაბრკოლების გადალახვის ხერხებს ეუფლებიან. სამთო მომზადების ფარგლებში სამხედროებს ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა და გადარჩენა, საკაცის გამოყენებით დაზარალებულის ევაკუაცია, თოვლიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა და თოვლის სახლში ,,იგლუ“ ღამის გათენება მოუწევთ.
კურსი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების მიერ ტარდება. სამთო მომზადების ბოლოს სამხედროებს ტესტირებები სხვადასხვა სახეობაში ჩაუტარდებათ, რომლის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მათ მიეცემათ სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და რეკომენდაცია, მონაწილეობა მიიღონ სამთო მომზადების ზამთრის შუალედურ კურსზე, საბაზისო სამთო კურსი 11 მარტს დასრულდება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბაკურიანში მიმდინარე სამთო სწავლებასთან დაკავშირებით იტალიის საკონსულოს თანამშრომელმა სოფიო თუთისანმა ფეისბუქის პირად გვერდზე სკანდალურ ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ ბაკურიანში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამთო ბატალიონი გადის წვრთნებს.
აღნიშნული ინფორმაცია “კვირასთან“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კატეგორიულად უარყვეს და განმარტეს, რომ ბაკურიანში სამთო კურსი ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PFP) ფარგლებში მიმდინარეობს და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 28 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.