დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული
ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ქუმსიშვილმა მთავრობის მიერ მიწის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ირგვლივ გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებას სპეკულაცია უწოდა.
რამდენიმე დღეა, თვალ-ყურს ვადევნებ პოლიტიკურ სპეკულაციებს. კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში, ეს იყო „საჯარო რეესტრის შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ”, თუმცა არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა კერძო საკუთრების დაცვა და ასევე იმ ქონების მაქსიმალურად განკერძოება, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს, ან გააჩნია კერძო სექტორს და ეს საკუთრება არ არის შესაბამისად რეგისტრირებული”, –განაცხადა ქუმსიშვილმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, კანონის შინაარსიც ეს იყო, მაგრამ ვინაიდან ამან წარმოშვა გარკვეული ტიპის მითქმა-მოთქმა, კანონის ამ რედაქციით განხილვა აღარ მოხდება.
„კანონპროექტი თუ გამოსატანია, გამოვიტანთ კიდეც, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ დავრჩებით კერძო სექტორის დამცველი და კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციის მაქსიმალური მხარდამჭერი. გუნდის შიგნით, პრაქტიკულად, შეთანხმებულია ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მიეხმარება ჩვენს გლეხებს იმაში, რომ დაარეგისტრირონ მათ საკუთრებაში არსებული მიწები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი მიწა იყოს კერძო სექტორში რეგისტრირებული და განკერძოებული”, – განაცხადადიმიტრი ქუმსიშვილმა.