თეა წულუკიანმა თურქეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მიიღო
თეა წულუკიანმა თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იუქსელ ქოჯამანი მიიღო. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას თურქეთის დელეგაციასთან ერთად თურქეთის ელჩი საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფოთა შორის სამართლის უზენაესობისა და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
თეა წულუკიანმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ პროკურატურა გახდა პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი ინსტიტუცია; რომ შეიქმნა ღია და გამჭვირვალე იუსტიციის უმაღლესი საბჭო; შემუშავდა მოსამართლეთა დანიშვნის ახალი წესი მათი დამოუკიდებლობის ხარისხის ასამაღლებლად; მიღებულ იქნა ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი.
შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან უამრავ სფეროში, მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო საკითხებში. პოზიტიურად შეფასდა, ასევე, ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი, რაც ხელს უწყობს არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ უწყვეტად და თანამიმდევრულად განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად აისახა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესზეც. თურქეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში სამდღიანია და 24 თებერვალს დასრულდება.