დავით უსუფაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

იაპონიის დედაქალაქში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, იოჯი მუტოსთან გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო, რომელიც დემოკრატიას და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას აშენებს, საიმედო პარტნიორია მეგობარი ქვეყნებისთვის. მისივე თქმით, ამას ადასტურებს ისიც, რომ საქართველო, მეგობარ ქვეყნებთან ერთად, აგრძელებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზეც. დავით უსუფაშვილმა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ის მიესალმება საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობის განვითარებას. იოჯი მუტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონია პატივს სცემს და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მისივე შეფასებით, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა რეგიონში და იაპონია, როგორც მეგობარი ქვეყანა, დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებით. მხარეებმა საქართველო-იაპონიის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობასთან ერთად, ეკონომიკური ურთიერთობებიც უნდა გააქტიურდეს. ტოკიოში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები-დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე ესწრებიან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის აპარატის უფროსი, ზურაბ მარაქველიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, დავით მაღრაძე შედიან. საპარლამენტო დელეგაცია იაპონიაში ვიზიტს 24 თებერვალს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები