ნინო გვენეტაძე: მოწმის დაკითხვა მოსამართლის ზედამხედველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება
შენობა, რომელიც მოწმეთა დაკითხვის ახალი წესისთვის გამოიყო, ფუნქციონირებას დღეიდან დაიწყებს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის საბჭოს წევრებმა, დეპუტატებმა და პროკურატურის წარმომადგენლებმა, ის ცხრა ოთახი დაათვალიერეს, სადაც მოწმეებს მაგისტრი მოსამართლეები დაჰკითხავენ.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა, მოწმეების დაკითხვა დახურულ რეჟიმში განხორციელდება. მისი თქმით, მოწმე მოსამართლის ზედამხედველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ დაიკითხება.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაა ეს, სადაც გამოძიებისა და დაცვის მიერ შემოტანილი შუამდგომლობების დაკმაყოფილების საფუძველზე მოხდება მოწმის დაკითხვა, მოსამართლის ზედამხედველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ. დაკითხვას უშუალოდ განახორციელებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა მოწმის დაკითხვაზე. პროცესს ხელმძღვანელობას კი მოსამართლე გაუწევს. დაკითხვა იქნება დახურულ რეჟიმში, რაც, ზოგადად, მიანიშნებს გამოძიების ეტაპზე მნიშვნელოვანი მოწმისაგან გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოპოვების საკითხს”,- განაცხადა გვენეტაძემ.
საქალაქო სასამართლოს ახალი წესის ამოქმედებისათვის იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობა გადაეცა. ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 20 თებერვალს ამოქმედდა, მოწმეებს შეუძლიათ გამოძიების კითხებს არა პროკურატურაში, არამედ მოსამართლის წინაშე უპასუხოს. ეს წესი არ ვრცელდება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე.