ნინო გვენეტაძემ საქალაქო სასამართლოს ის ნაწილი, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება, საზეიმოდ გახსნა

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ის ნაწილი, სადაც მოწმეთა დაკითხვა მოხდება, საზეიმოდ გახსნა.
გახსნის ცერემონიალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ესწრებოდნენ.
როგორც ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასამართლო ახალი წესის ასამოქმედებლად მთელი საქართველოს მასშტაბით არის მზად.
“ეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა, სადაც მოხდება გამოძიებისა და დაცვის მიერ შემოტანილი შუამდგომლობების საფუძველზე მოწმის დაკითხვა მოსამართლის ზედამხედველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ. დაკითხვას უშუალოდ მხარე განახორციელებს, რომელმაც მოწმის დაკითხვა იშუამდგომლა. პროცესს კი ხელმძღვანელობას მოსამართლე გაუწევს.
დაკითხვა დახურულ რეჟიმში იქნება. ეს, ძირითადად, მოწმეთა ის კატეგორია იქნება, რომლებიც გამოკითხვაზე უარს ეტყვიან როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეს. სასამართლოში მოწმის დაკითხვის ფენომენი და ამ უფლებების მაღალ გარანტიაში წარმოდგენა აძლევს დასაკითხ პირს იმის გარანტიას, რომ ის იქნება დაცული. დაკითხვის დროს არ იქნება მის მიმართ მუქარა, შანტაჟი და გამოძალვა ჩვენების მიცემის დროს”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ცნობისთვის, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი გამოძიების პროცესში მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის წინაშე დაკითხვას ითვალისწინებს, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა თანდასწრებით. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ძალაში 2016 წლის 20 თებერვლიდან შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები