მამუკა ახვლედიანი: ეს მოხდა ჩემი განცხადებების გამო
დროთა განმავლობაში ბევრი დაინახავდა იმ სიმართლეს, რაც სასამართლო სისტემაში ხდება და ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამრთლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა განაცხადა.
სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, რის გამოც თავად ახვლედიანი გაათავისუფლეს, მიღებული აქვს უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებსაც.
„დროთა განმავლობაში ბევრი დაინახავდა იმ სიმართლეს, რაც სასამართლო სისტემაში ხდება და ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, შეიძლება ბევრი მომხრე ყოფილიყო ამ საკითხების სასამართლო სისტემაში. რა თქმა უნდა, ეს მოხდა ჩემი განცხადებების გამო.
საერთოდ არ განიხილეს, არ მიიჩნიეს მნიშვნელოვან საკითხად, რომ მოსამართლეებს 800-900 საკითხი აწერიათ, ამ დროს, როცა ხდება ოპტიმიზაცია და გარკვეული ჯგუფის გამოყოფა.
ეს ყოველთვის ასე ხდებოდა სასამართლო სისტემაში, მიიღებოდა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები. რაც მე გამოვიტანე, მიღებული აქვს უზენაეს სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოსაც. მე კატეგორიები არ გამიუქმებია, მასში მყოფ მოსამართლეებს ბრძანებით დავავალე, განეხილათ სხვა კატეგორიის საქმეებიც. ასე ხდებოდა ამნისტიების, ასევე სამართალდარღვევების დროსაც, როცა დიდი რაოდენობა იყო, სხვა კატეგორიის არა მარტო ერთი კოლეგიის შიგნით, არამედ სხვა კოლეგიიდანაც მაქვს უფლება, რომ დავაკისრო მოვალეობის შესრულება იგივე სისხლის სამართლის კოლეგიაში.
მოსამართლეთა სიმცირის გამო, როცა ერთ შემადგენლობაში და ერთ ჯგუფში არის ორი მოსამართლე, ვერ ახერხებდნენ ვერც შვეუბულებაში გასვლას, ვერც მივლინებაში და სასწავლო ტრენინგებში წასვლას, რადგან, როცა ერთი გადიოდა, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი რჩებოდა“, – განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.