ბათუმსა და გონიოში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 4 პირი ამხილეს (ვიდეო)
შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოების, ბათუმის საქალაქო სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 4 პირი – 1969 წელს დაბადებული კადირ ა., 1971 წელს დაბადებული ჯემალ თ., 1972 წელს დაბადებული თარიქ ა. და 1974 წელს დაბადებული ქეთევან ბ. ამხილეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებული პირები, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ბათუმსა და გონიოში, თავიანთ მფლობელობაში არსებულ სასტუმროებსა და ნაქირავებ ბინაში ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა სასტუმროების მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. მხილებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს.