ვახტანგ კაპანაძემ სამხედროებს საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი წარუდგინა

„თუკი ვინმეს შეუძლია თქვას, რაგბი ჩვენი თამაშია – უპირველეს ყოვლისა, ესენი ქართველი სამხედროები არიან“, – ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
დღეს მან ქართველ სამხედროებს საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე წარუდგინა. გაცნობითი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა.
გენერალ-მაიორმა შეიარაღებულ ძალებში სპორტის სხვადასხვა სახეობის და განსაკუთრებით რაგბის განვითარებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ქართულ ჯარში რაგბის, ლელოს, ხრიდოლის და მსგავსი სპორტის პოპულარიზაცია ისტორიული ფესვების განვითარებას და წინ წამოწევას უწყობს ხელს, რადგან რაგბი ფიზიკურ განვითარებასთან ერთად, სხარტ აზროვნებას და გამტან სულსაც გულისხმობს.
გენერალ-მაიორმა კაპანაძემ ის გმირი მორაგბეებიც გაიხსენა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირნენ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლისთვის, რასაც ჯარი ქართული რაგბის განვითარებისთვის აკეთებს და აღნიშნა, რომ რაგბის კავშირი აბსოლუტურად გახსნილია ნებისმიერი ინიციატივისთვის, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად, რეგიონულ თუ მსოფლიო დონის შეჯიბრებებსაც გულისხმობს.
გენერალ-მაიორმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ქართველ სამხედროებს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის ფორმატიც გააცნეს. შეხვედრაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ბრიტანეთში თავდაცვის თასისთვის ჩატარებული თამაშებიც გაიხსენეს.
გენერალური შტაბის უფროსმა სამხედროებს და სტუმრებს ინიციატივაც გააცნო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო გუნდების მონაწილეობით საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას გულისხმობს.
„ამ კუთხით ჩვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სამხედროების დამეგობრებას, რათა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ჩვენს მისწრაფებას ნატოსკენ,“ – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები