პროკურატურა ციხისძირში სახელმწიფოს კუთვნილი ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს

მთავარმა პროკურატურამ სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, 15 თებერვალს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით.
„მოცემული საქმის გამოძიების პროცესში დაიკითხა არაერთი მოწმე. ეკონომიკის სამინისტროდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტოდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია.
დადგინდა, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ოფშორულ კომპანია REDMAN FEDERATION INC-ის სახელზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ჩართულობით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე დარეგისტრირდა. რეგისტრაცია 2011 წლის 05 აგვისტოს, ეკონომიკის სამინისტროსა და ოფშორულ კომპანია REDMAN FEDERATION INC-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა. ხელშეკრულების ხელმოწერაზე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილი პირის დაკითხვით გამოირკვა, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და მსგავსი სახის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია. ასევე დადგინდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის რწმუნებულება არ გაუცია. ამასთან, ოფშორული კომპანიის წარმომადგენელი, რომლის ხელმოწერაც დაფიქსირებულია ხელშეკრულებაზე, საერთოდ არ არის ნამყოფი საქართველოში“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები