საკონსტიტუციო სასამართლომ “რუსთავი 2“-ის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
დავის საგანი საპროცესო კოდექსის ორი საკითხია – ერთი შეეხება დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმას, მეორე – დროებითი მმართველის დანიშვნას სამაუწყებლო კომპანიაში.
როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, სადავო ნორმა არ არის განჭვრეტადი და მხარეს არ შეუძლია, წინასწარ გაიგოს რას მოითხოვს კანონმდებელი მისგან.
“ვითხოვთ სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის ნორმათა არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, რომლის საფუძველზეც სასამართლოს შეუზღუდავად შეუძლია გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიება, მათ შორის, შეუძლია დანიშნოს დროებითი მმართველი ნებისმიერ კომპანიაში ან მიიღოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც კანონში კონკრეტულად არ არის ჩამოთვლილი. უფლების მზღუდავი ნორმა უნდა იყოს განჭვრეტადი და განსაზღვრადი, ანუ მხარეს უნდა შეეძლოს, წინასწარ გაიგოს, თუ რა უნდა კანონმდებელს მისგან. ჩვენს შემთხვევაში სადავო ნორმები არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ არის არაკონსტიტუციური და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ამ პოზიციას არ ეთანხმება მოპასუხე მხარე, პარლამენტის წარმომადგენელი. მათ მიაჩნიათ, რომ ნორმები არაკონსტიტუციური არ არის და ყველა მოსამართლეს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების საშუალება, კონკრეტულ შემთხვევებში.
“არ შეიძლება, ამ კონკრეტულ შემთხვევებში ამომწურავი იყოს ჩამონათვალი. სასამართლოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე გამოიტანოს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა თამარ მესხიამ.