პროკურატურაში ბაია გადაბაძის დაკითხვა დასრულდა
მთავარ პროკურატურაში „მაესტროს“ დირექტორის, ბაია გადაბაძის დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვის შემდეგ გადაბაძემ აღნიშნა, იგი მთავარ პროკურატურაში არა მის მიმართ დევნის თაობაზე, არამედ სუსის თანამშრომლის მიერ შესაძლო თვალთვალზე გამოკჰითხეს.
“პროკურატურა დაინტერესდა 4 თებერვლის ფაქტით, როდესაც უცნობმა მამაკაცმა ტელეკომპანიის ეზოში ფოტო გადამიღო და თქვა, რომ ჩემი თაყვანისმცემელია. გამომძიებელმა იკითხა, არის თუ არა ის პირი ჩემი თაყვანისმცემელი. მე ვუთხარი, რომ ჩემი თაყვანისმცემლების ნუსხაში ის პირი ნამდვილად არ არის. რაც შეეხება საკითხს, სუსის თანამშრომელი იყო თუ არა, ნინო გიორგობიანმა ეს უარყო მეორე დღესვე. გამომძიებელმა მოისმინა და ჩაიწერა ჩემი ახსნა-განმარტება და წარმატება მისურვა”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მისი თქმით, გამომძიებელს ჰკითხა, რატომ არ დაინტერესდა მის პროფესიულ დევნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით.
პასუხად კი მიიღო, რომ “ეს არის გამოთქმული ეჭვი და თუ ეჭვი დადასტურდება, ბაია გადაბაძეს შეუძლია პროკურატურაში განცხადება შეიტანოს”.
“დაიწყება თუ არა გამოძიება სუსის თანამშრომელზე, ამით არ დავინტერესებულვარ, ეს არ არის ჩემთვის მთავარი თემა”, – აღნიშნა ბაია გადაბაძემ.
რაც შეეხება პროფესიული დევნის საკითხს, გადაბაძე განმარტავს, რომ თუ პარასკევამდე ორმა ინსტანციამ განიხილა მისი საჩივარი და დაჩქარებული წესით გადააგზავნა საჯარო რეესტრში, მაშინ ეს იქნება მისი დევნა და ის მიმართავს პროკურატურას.
“ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, ასეთ შემთხვევაში პროკურატურას მივმართავ განცხადებით და, როგორც აღვნიშნე, ამ საქმეს ბოლომდე გავყვები”, – განაცხადა გადაბაძემ.